ციფრები ხშირად პოლიტიკურ რეალობაზე უკეთესად მეტყველებს. თბილისის მერის საარჩევნო ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერა — „რუსული ოცნება“ — პროკურატურამ 570 ლარის მატერიალურ ზიანად შეაფასა. სასამართლო გადაწყვეტილებით, ამ 570-ლარიანი ზიანის გამო, პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 23 წლის სტუდენტს, მეგი დიასამიძეს კი, იმავე ბრალდებით 2 000-ლარიანი გირაოს გადახდა მოუწია.
საქართველოს ბიუჯეტი ერთი პატიმრის შენახვაზე წლიურად ათასობით ლარს ხარჯავს. შესაბამისად, სახელმწიფო აპარატი და გადასახადის გადამხდელები საკუთარი ჯიბიდან აფინანსებენ წელიწადნახევრიან პატიმრობას იმ ქმედებისთვის, რომლის კომერციული ღირებულება საშუალო ხელფასის მცირე ნაწილიც კი არ არის. ეკონომიკური ლოგიკით, ეს არ არის მართლმსაჯულება; ეს არის პოლიტიკური ოპონირებისთვის დაწესებული ერთგვარი „ბეგარა“.
საპატიმროდან გავრცელებულ განცხადებებში კიდევ ერთი პოლიტიკოსი, ლევან ხაბეიშვილი, ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებზე და საქართველოში სამართლიანი არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს. სისტემა, რომელიც მცირე მატერიალურ ზიანს ოპონენტების იზოლაციისთვის იყენებს, ზუსტად იმეორებს მოსკოვის ხელწერას. რუსეთში წლებია პოლიტიკურ რეპრესიებს „ეკონომიკური დანაშაულის“ ან „ხულიგნობის“ ნიღაბი აკრავს, რათა რეჟიმმა დემოკრატიის ილუზია შეინარჩუნოს და რეალურ კონკურენციას თავი აარიდოს.
სამართლიანი არჩევნები მხოლოდ პოლიტიკური უფლება არ არის — ის ეკონომიკური გარანტიაა იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მოქალაქეების საჭიროებებს მოემსახურება და არა კრიტიკული აზრის ჩახშობას. სისტემა, სადაც სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა თავისუფლების დაკარგვად ფასდება, საზოგადოებას პირდაპირ ართმევს მომავლის არჩევის უფლებას.