ირანის სავალუტო შემოსავლების 70% პირდაპირ ენერგოსექტორზეა დამოკიდებული — სწორედ ეს ინფრასტრუქტურაა ისრაელის დაგეგმილი სამხედრო ოპერაციის მთავარი სამიზნე. ისრაელის თავდაცვის უწყება ვაშინგტონისგან საბოლოო თანხმობას ელოდება, რათა ირანის ცენტრალური ენერგეტიკული და ელექტროობიექტების სისტემური განადგურება დაიწყოს.
ოპერაციის სტრატეგიული მიზანი ირანის ეკონომიკური აქტივების მინიმუმამდე დაყვანაა. დღევანდელი მონაცემებით, თეირანის ნავთობის ყოველდღიური ექსპორტი დაახლოებით 1.5 მილიონ ბარელს შეადგენს. ამ ნაკადის სრულად შეჩერება ქვეყნის ბიუჯეტს წლიურად 35 მილიარდ დოლარს დააკარგვინებს. შედარებისთვის, ეს შემოსავალი 85-მილიონიანი მოსახლეობის პირობებში ერთ სულზე წელიწადში მხოლოდ 411 დოლარია — თანხა, რომელიც თბილისში ოფისის საშუალო თანამშრომლის ერთთვიურ ხელფასზე ნაკლებია. მიუხედავად ასეთი დაბალი მაჩვენებლისა, იზოლირებულ ეკონომიკაში სწორედ ეს რესურსი უზრუნველყოფს რეჟიმის ფუნქციონირებასა და სამხედრო მანქანის შენახვას.
ისრაელის გეგმა ითვალისწინებს არა მხოლოდ მმართველობის ვერტიკალზე დარტყმას, არამედ ელექტროსადგურებისა და ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების მწყობრიდან გამოყვანას. წმინდა ფინანსური ანალიზით, პოლიტიკური ელიტის ცვლილება სისტემისთვის მიმდინარე საოპერაციო ხარჯია, თუმცა ენერგეტიკული ბაზის განადგურება — შეუქცევადი კაპიტალური დანაკარგი.
ერთი სტანდარტული 1000-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობა საშუალოდ 1.2 მილიარდი დოლარი ჯდება. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრების მონაცემებით, ირანის ცენტრალური ელექტროქსელისა და ენერგოობიექტების გათიშვა ნიშნავს, რომ თეირანს ათეულობით მილიარდი დოლარის ინვესტიცია დასჭირდება მხოლოდ იმისათვის, რომ სისტემა საწყის ნიშნულს დაუბრუნოს. ნავთობის ფასის 80-დოლარიან ნიშნულზე შენარჩუნების შემთხვევაშიც კი, ინფრასტრუქტურის გარეშე ირანი ამ მოგებას ვეღარ ნახავს. იმ პირობებში, როცა ქვეყანას უცხოურ კაპიტალზე წვდომა ფაქტობრივად არ აქვს, აღდგენის ფასი კატასტროფულად იზრდება. ეს არის მოსალოდნელი კონფლიქტის რეალური საფასური — ეკონომიკის სრული პარალიზება და ქვეყნის სასიცოცხლო რესურსების გარეშე დარჩენა.